
მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) ინიციატივით მუზეუმის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1977 წლიდან აღინიშნება, საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით.
მუზეუმის საერთაშორისო დღისათვის ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს კონკრეტულ თემას, რომლის მიხედვით მუზეუმები გეგმავენ შემოქმედებით ღონისძიებებსა და აქტივობებს ფართო აუდიტორიის ჩართულობით.
იხ. მუზეუმის საერთაშორისო დღის მომზადების გზამკვლევი: https://bit.ly/3OSunpY
2022 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა „მუზეუმების ძალა“.
მუზეუმებს აქვთ ძალა, გარდაქმნან სამყარო ჩვენს ირგვლივ.
მუზეუმები, როგორც აღმოჩენისა და შემეცნების საუკეთესო ადგილები, გვაცნობენ ჩვენს წარსულს და შთაგვაგონებენ ახალ იდეებს – უკეთესი მომავლის შენებისთვის.
2022 წელს მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში, გთავაზობთ მუზეუმების პოტენციალის სამი მიმართულებით განსაზღვრას საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განხორციელების მიზნით:
– მდგრადობის მიღწევის ძალა: მუზეუმები წარმოადგენენ სტრატეგიულ პარტნიორებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში. მუზეუმები, როგორც ადგილობრივ თემებში მოქმედი საკვანძო ინსტიტუციები, ხელს უწყობენ სხვადასხვა მიზნის განხორციელებას, მათ შორის სოციალური ეკონომიკის განვითარებასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელებას.
– ინოვაციების ძალა დიგიტალიზაციისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით: თანამედროვე მუზეუმი იქცა ინოვაციურ სივრცედ, სადაც ყოველდღიურ საქმიანობაში შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიების განვითარება და გამოყენება. ციფრული ინოვაციების მეშვეობით მუზეუმების ხელმისაწვდომობა შეიძლება გაიზარდოს და აუდიტორიისთვის გამარტივდეს რთული და დეტალური კონცეფციების აღქმა.
– განათლების საშუალებით საზოგადოების განვითარების ძალა: მუზეუმები კოლექციებისა და პროგრამების საშუალებით ქმნიან სოციალურ ქსოვილს, რომელიც აუცილებელია საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. დემოკრატიული ღირებულებების დაცვით და ყველასთვის უწყვეტი განათლების შესაძლებლობის მიცემით, ისინი ხელს უწყობენ ინფორმირებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას.
საქართველოს ყველა მუზეუმს/სამუზეუმო ინსტიტუციას ვიწვევთ, შეუერთდნენ მსოფლიოს ათასობით მუზეუმს მუზეუმის საერთაშორისო დღის აღნიშვნაში!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდს –https://imd.icom.museum/